logo
ENG



ვაშაძე: მოლოდინი მაქვს, რომ იქნება ახალი დოკუმენტი

18 აპრ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: მოლოდინი მაქვს, რომ იქნება ახალი დოკუმენტი
ფოტო: ვახო ქარელი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას მოლოდინი აქვს, რომ შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახალ დოკუმენტში იქნება ორივე საკითხი, რომელიც ოპოზიციისთვის პრინციპულია - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

"მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება ახალი დოკუმენტი. ამ ახალ დოკუმენტში იქნება როგორც ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ასევე, ორივე პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტის გზა ნაჩვენები. შესაბამისად, თუ ეს საკითხები იქნება დაკმაყოფილებული, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს...

ძველი დოკუმენტი არ იქნება, პირდაპირ გეტყვით, ზუსტად ვიცი, რომ არ იქნება ასეთი დოკუმენტი და ტყუილად ნუღა ვისაუბრებთ იმაზე, რაც არ იქნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ასევე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრება. 

განხილვის საგანი კრისტიან დანიელსონის მიერ ბოლო ვიზიტის დროს წარმოდგენილი დოკუმენტი იქნება, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელი 16 აპრილს მოაწერა

ოპოზიცია დოკუმენტის არსებულ ვერსიას მხარს არ უჭერს, ვინაიდან მასში არ არის მკაფიო ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების შესახებ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

 


close დახურვა