შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ენმ-ის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ ჩანს.
"ჩვენი ფასილიტატორების თხოვნა არის, რომ დეტალებში არ შევიდეთ. რომ დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე ჰორიზონტზე კომპრომისი გამოჩნდა - არა. ჩვენ მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი, სამწუხაროდ, არ ჩანს. რესურსი მოლაპარაკებების ყოველთვის არსებობს. მოლაპარაკებები თუ არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება. სამწუხაროდ, მთავარ საკითხებზე კომპრომისი არ ჩანს", - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.
4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
ქართული ოცნების დეტალური პოზიცია ოპოზიციის შეთავაზების თაობაზე საჯაროდ ცნობილი არაა. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.
თუმცა, დღეს შეხვედრის დაწყებამდე პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისის შანსი არსებობს.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.