logo
ENG



ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილი პერსონალურად წინააღმდეგია, რომ გიორგი რურუა შეიწყალოს

31 მარ 202115:16
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილი პერსონალურად წინააღმდეგია, რომ გიორგი რურუა შეიწყალოს
ფოტო: ვახო ქარელი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, იმაზე, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ეკისრება.

როგორც ვაშაძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრების დროს გიორგი რურუას შეწყალების საკითხი დაისვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილს ამაზე პერსონალური წინააღმდეგობა ჰქონდა.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პირადი პასუხისმგებლობა, დესტრუქციული, არის საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. არაერთი ინდივიდუალური საუბრის დროს, როგორც გამოვკვეთე, ყოველ შემთხვევაში, მედიატორების მხრიდან ასე გავარკვიე, რომ თურმე ის პერსონალურად წინააღმდეგია, რომ შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს რურუასთან მიმართებაში", - განაცხადა ვაშაძემ.

მანვე ზურაბიშვილს მიმართა, განმარტოს, რატომ თქვა უარი რურუას შეწყალებაზე და რატომ არ გადადგა ნაბიჯი კრიზისის დეესკალაციისკენ.

"ამ ადამიანს პირველად მიეცა შანსი, რომ პოლიტიკური დეესკალაციისთვის ნაბიჯი გადადგას, შეიძლება უკანასკნელადაც მიეცა ასეთი შანსი იმ პოზიციაში სადაც არის და ასეთ ნეგატიურ, დესტრუქციულ როლს თამაშობს, 'პრინციპულობას იჩენს'. ეს არის ძალიან ცუდი. მგონი უნდა გამოვიდეს და ახსნას საკუთარი პოზიცია, რატომ ამბობს ამაზე უარს, რატომ არ დგამს ნაბიჯს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დანიელსონის მედიაციის მიუხედავად, მისი მეორე ვიზიტის დასასრულს გამართულ შეხვედრაზე პარტიები კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

7-საათიანი უწყვეტი მოლაპარაკებების ბოლოს კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება არ მიიღეს და დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა. მანვე აღნიშნა, რომ იყო ელემენტები, რომელზეც მიაღწიეს თანხმობას - ეს ეხება საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების გადანაწილების რეფორმა, რაზეც მუშაობა გაგრძელდება.

რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, მთავარი არხის დამფუძნებელი 2019 წლის 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის სპეცრაზმით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. ადვოკატმა განაცხადა, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს და ეს ექსპერტიზის დასკვნებმაც დაადასტურა - მის ტანსაცმელზე მეტალის კვალი არ აღმოჩნდა, "ამოღებულ" იარაღზე კი - თითის ანაბეჭდები.

2020 წლის 15 ივლისის სასამართლო პროცესზე რურუამ დაკავების ღამე გაიხსენა და თქვა, რომ პოლიციელებმა მას არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა, უკანონოდ აუღეს დნმ და გაჩხრიკეს. სწორედ ამ ჩხრეკის შედეგად "აღმოუჩინეს" რურუას იარაღი, რომელიც მისთვის ჯერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების, შემდეგ კი 4 წლით პატიმრობის მისჯის საფუძველი აღმოჩნდა.


close დახურვა