logo
ENG



ვაშაძე გაბუნიას საქმეზე - მშიშარა პრემიერი არაფერში მჭირდება, გამოდი თუ კაცი ხარ და ისაუბრე

17 ივნ 202014:55
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის საქმესა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მუქარას გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ვითარებაში ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენოს. ვაშაძემ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც გააკრიტიკა და მას „მშიშარა“ უწოდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ წყალწყალა განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, ახლა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა იყოს ჰიპერაქტიური, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჩავაყენოთ საქმის კურსში, იმიტომ რომ დასავლეთს აქვს გამოცდილება მსგავს შემთხვევებში. გახარია, რომელიც ემალება ამ საკითხს... მე მშიშარა პრემიერ-მინისტრი არაფერში მჭირდება. გამოდი თუ კაცი ხარ, აიღე პასუხისმგებლობა შენ თავზე და ისაუბრე ამ საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.


close დახურვა