logo
ENG



ვაშაძე დავით ხიდაშელზე: საქართველოს ამაყ შვილად მოგვევლინა, ესეც რუსული თამაშის ნაწილია

14 ოქტ 202016:51
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე დავით ხიდაშელზე: საქართველოს ამაყ შვილად მოგვევლინა, ესეც რუსული თამაშის ნაწილია

სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ეჭვობს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები რუსეთიდან იმართება.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეჭვს ამყარებს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის გამოჩენა, რომელსაც რუსული კავშირები აქვს და რომლის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემული დოკუმენტების საფუძველზეც საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

"ჩემთვისაც მაღალი ეჭვის შემცველია ის ფაქტი, რომ რუსეთიდან იმართება ეს ყველაფერი. რატომ? გუშინ რომ კაცი გამოჩნდა უცებ საქართველოს გადამრჩენი, ეს ადამიანი [დავით ხიდაშელი] რუსეთთან არის კავშირში. ფორმულას ჰქონდა მის წარსულთან დაკავშირებით დეტალური განხილვები. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეს ბატონი უცებ რომ მოგვევლინა საქართველოს ამაყ შვილად, ესეც არის ჩემი აზრით დიდი თამაშის ნაწილი, რომელიც იმართება რუსეთიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დავით ხიდაშელისა და რუკების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს, გიორგი თარგამაძემ თავისივე საავტორო გადაცემაში გაასაჯაროვა. წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.

ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილესი რუსული კორპორაციის სისტემას ვიცე-პრეზიდენტი იყო ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა. ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ.

ხიდაშელი მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ "სამშობლოს დაუბრუნა მტკიცებულებები, რომლებმაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს".

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რა ვიცით დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების საქმეზე, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა