logo
ENG



ვვარაუდობთ, რომ არასრულწლოვნები მალე გაეწერებიან კლინიკიდან - მარინა ეზუგბაია

05 აპრ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
s4mf305ouhyllfg.jpg

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პაციენტებიდან კრიტიკულად ითვლება მხოლოდ ერთი პაციენტი. მისივე განცხადებით, ექიმები ვარაუდობენ, რომ მალე არასრულწლოვნებიც გამოჯანმრთელდებიან.

„კრიტიკული პაციენტი დარჩა ერთი - დანარჩენებთან დასტაბილურდა მდგომარეობა. არის ორი არასრულწლოვანი და სავარაუდოდ, მალე დადგება მათი გამოჯანმრთელებაც", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა ახალი შემთხვევების შესახებ და განაცხადა, რომ მათთან ბოლოს შეყვანილ პაციენტთა უმეტესი ნაწილი ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება.

„დღეს დილისთვის გვაქვს 170 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 36. ბოლო 24 საათში დაემატა თორმეტი შემთხვევა. ჩვენს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ კიდევ შეემატება. ამჟამად ჩვენთან არის 36 პაციენტი. გუშინ შემოგვიყვანეს 1 პაციენტი, ეროვნული ბანკის კლასტერიდან, რომელიც იყო ჩვენი პაციენტების კონტაქტი და შემოიყვანეს კიდევ 7 ადამიანი, რომლებსაც გამოკვლევა ჩაუტარდებათ. დღის პირველ ნახევარში ჩატარდება სულ 15 კვლევა", - ამბობს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო უშუალოდ ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. 

საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კარანტინის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. 


close დახურვა