ქვეყნის პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რომელიც სპორტსმენის უდანაშაულობას ამტკიცებს.
მისივე თქმით, ბრალდების მხრიდან საქმის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი ამ მტკიცებულებებს გაასაჯაროებენ.
"ვიდეოჩანაწერებში ჩანს ის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ის იყო საკუთარ სახლში, საკუთარ სივრცეში სასამართლოს მიერ გამოყოფილ დღეს, ხუთშაბათს და შაბათს მას ეკუთვნის ბავშვის ნახვა, და ხუთშაბათს ჰყავდა ბავშვი წამოყვანილი. 40 წუთში მისი ყოფილი მეუღლე მივიდა ბასილაშვილების სახლში და პრაქტიკულად ძალით წაიყვანა ბავშვი მამისგან. 2019 წელს ეს ადამიანები განქორწინდნენ, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილს არასდროს უარი არ უთქვამს შვილის აღზრდაზე და მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე", - განაცხადა ადვოკატმა.
მანამდე კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა. ნელი დოროყაშვილი დღეს, სავარაუდოდ, პრესკონფერენციას გამართავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ საათზე. მოგვიანებით პრესკონფერენციის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ადვოკატის განმარტებით, დოროყაშვილზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში ფსიქოლოგიური წნეხი ხორციელდებოდა და პრესკონფერენცია შესაძლოა სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ჩატარდეს, თუმცა დაცვის მხარე ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, განცხადებას გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს და იმედოვნებს, რომ სასამართლო სიმართლეს დაადგენს. გარდა ამისა, შესაბამისი განცხადება ბასილაშვილის ოჯახმაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.