ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს სახელმწიფო უსადფრთხოების სამსახურის და ბელარუსის კგბ-ის თანამშრომლობის შეთანხმებას საშიშს უწოდებს.
ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და არ მოახდინოს იმ ადამიანების ექსტრადირება, რომლებიც რეპრესიებს ბელორუსიდან საქართველოში გამოექცნენ.
"ეს მართლაც ძალიან საშიშია. რატომ ახდენს საქართველო შეთანხმების იმპლემენტირებას 5 წლის შემდეგ იმ ვითარებაში, როცა მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ მოახდინოს ჟურნალისტების და უფლებადამცველების ექსტრადირება". - წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.
მაშინ, როცა აშშ-ს, კანადას, ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს ბელარუსისთვის არაერთი სანქცია აქვთ დაწესებული, 2021 წლის 1-ლ აგვისტოს საქართველოს სუს-ს და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.
დოკუმენტი 2016 წლის აგვისტოში გაფორმდა.
დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე.
დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ბელარუსი აქტივისტები და ჟურნალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, ისინი გამოგონილი ბრალდებებით დააკავონ და ბელარუსს გადასცენ.
ბელარუსში ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე რეპრესიები ერთ წელზე მეტია, ხორციელდება.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ქვეყანაშ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ.
აქციებზე დააკავეს ათობით ათასი ადამიანი. მოკლეს, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი. ქვეყანა დატოვა ათობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა.
ამ დროის განმავლობაში ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს არაერთი სანქცია დაუწესეს.
სანქციები ათობით ინდივიდსა და კომპანიას შეეხება, როგორც მთავრობის ოფიციალურ პირებს, ისე კანონმდებლებს, თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს კაბინეტის მინისტრებს და ოჯახის წევრებს. სანქციების შესაბამისად, დასავლეთში მათ აქტივები იყინება და მოგზაურობაზე შეზღუდვები წესდება.