logo
ENG



ვოლსკი გარეჯის საქმეზე: თუ დადასტურდება, ვფიქრობ, პასუხისმგებელ ადამიანთა წრე გაიზრდება

09 ოქტ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტების გარდა, სხვა პირებსაც დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. გია ვოლსკი, ასევე, ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ სასამართლო სახელმწიფო ღალატს დაადასტურებს.

"თუკი დანაშაული არსებობს, რომ ამ ორ ადამიანს ეკისრა ის მძიმე შედეგების მქონე დანაშაული, რომელთანაც, სავარაუდოდ, გვაქვს საქმე, თუკი ეს დადასტურდა, მე ვფიქრობ, წრე იმ ადამიანების ვინც პასუხისმგებელია გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ხმამაღლა გაკივიან, არიან სწორედ ისინი, ვისაც უნდა მიექცია მეტი ყურადღება, სახელმწიფოს არ ჰქონოდა ასეთი ზარალი.

ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არ მიკვირს, თუკი გამოძიება დაადგენს და სასამართლო დაადასტურებს, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი", - აცხადებს გია ვოლსკი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება.

"არ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თავი. არა ხართ ეს უწყება, რომ უნდა ერეოდეთ პოლიტიკაში. გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში. ვერც ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ. ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. თემა სენსიტიურია და თითოეული გაუაზრებელი განცხადება პროცესს ვნებს. არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც სადმე მყოფი მე ამისთანა ბრალდებები ვერ მცვლის", - თქვა მან.

დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა