logo
ENG



ვოლსკი ლექსო ლაშქარავაზე: დაუფიქრდით ვის აწყობდა, ყველაფერი ენმ-სთანაა კავშირში

12 ივლ 202112:28
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი ლექსო ლაშქარავაზე: დაუფიქრდით ვის აწყობდა, ყველაფერი ენმ-სთანაა კავშირში

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენები, მათ შორის დაშავებული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავა გარდაცვალება, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში იყო.

"ლექსოს ოჯახს ვუსამძიმრებ. ახალგაზრდა კაცი დაკარგა ქვეყანამ, ახლობლებმა და ოჯახმა უპირველესყოვლისა. ეს არის ის რეალობა, რაც დადგა. ამასთანავე დაუფიქრდით, ვისაც ლოგიკა აქვს და ვისაც არ აქვს იმათაც ადვილად შეუძლიათ დასკვნა გააკეთონ - ვის აწყობდა ის, რაც მოხდა? ვინ ძაბავდა საზოგადოების წარმომადგენელთა შორის ურთიერთობას? ვის და რაზე აფრთხილებდნენ პრემიერმინისტრი თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და რა მოხდა რეალობაში.

ჟურნალისტებზე თავდასხმა არის თუ არა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება სკანდალი და საერთაშორისო ყურადღება მიიქციოს? ევროკავშირის დროშის დახევა, მაშინ როცა ევროკავშირში ჩვენი პოზიციები ყოველდღიურად ძლიერდება. დაპირისპირება და ისეთი სასტიკი ცემა ადამიანების, თანაც ეკლესიის სახელით ვის აწყობს? იმათ ხომ არა, ვისაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვს დაგეგმილი არაერთი ღონისძიება და არაერთი კიდევ განხორციელებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენებსა და მთავრობას შორის კავშირზე საუბარი "თითიდან გამოწოვილია".

"თემა, თითქოს მთავრობას უკავშირდება რამენაირად ის არეულობა, რა საკვირველია, თითიდან არის გამოწოვილი. ეს წარმოადგენს დესტაბილიზაციის ამოცანის შესრულების ერთერთ მთავარ მიმართულებას, რაც არასდროს დაუმალავთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს. კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებზე როცა მაქვს საუბარი, ზუსტად იცის ხალხმა, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობა. მასთან არის დაკავშირებული ყველაფერი, რაც უკავშირდება დესტაბილიზაციის პროცესებს", - თქვა გია ვოლსკიმ.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გუშინ, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა, მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

მათ ირაკლი ღარიბაშვილს ვადა 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს იმისათვის, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. გარდა ამისა, ის ჟურნალისტებს დაემუქრა, რომ თუ თუ აქციის მონაწილეების ქმედებები კანონის ფარგლებს გასცდება, ამისთვის "ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი".


close დახურვა