პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ციხის საავადმყოფოში ძალა გამოიყენეს, თუმცა ის არ გადასცდენია "დადგენილ ფარგლებს".
"თქვენ არ ხართ ფსიქოლოგი და არც კინომცოდნე, რომ ზუსტად შეაფასოთ რა მდგომარეობაა და როგორ მოხდა. გათამაშებული ბევრი რამ გვინახავს. [...] ძალადობრივად მოექცნენ, სამწუხაროდ, ესაა ციხე, დაწესებულებაა, რომელშიც გარკვეული რეჟიმი არსებობს და უნდა დაემორჩილო ამ რეჟიმს, მაგრამ ძალადობრივი მოპყრობა არ გადასცა იმ ფარგლებს, რომელიც არის დადგენილი და რომელიც არ გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ დაზიანებას", - ამბობს ვოლსკი.
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა. კადრებში კი ნათლად ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ძალდატანებით გადაყვანას ეწინააღმდეგება.
ადვოკატები ამბობენ, აღნიშნული კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. ამავე პოზიციას იზიარებს, უკრაინის სახალხო დამცველი.