logo
ENG



ზაზა გახელაძის ცოლი: ზაზას მამა გადასვლას აპირებს, ჩვენ მშვიდობიან აქციას გავმართავთ

23 ივნ 202110:03
3 წუთის საკითხავი
 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ გახელაძის მამა ოკუპირებულ მხარეს გადასვლას გეგმავს და ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქთან წერილის გაგზავნის მიუხედავად, მას პოზიცია არ შეუცვლია.

როგორც მან ისაუბრა, ისინი მშვიდობიან აქციას გამართავენ.

"დღეს არის პირველი დაბადების დღე, როცა სახლში არ არის და არის ტყვეობაში. ჩვენი ძალიან დიდი თხოვნით და არა მარტო ჩვენი, ნათესავების, პატრიარქის თხოვნითაც ჯერ ვერ მივაღწიეთ მამასთან იმ ფაქტს, რომ გადაიფიქროს იქითკენ გადასვლა. ისევ ის პოზიცია უჭირავს, ამას მე გავაკეთებო. ჩვენ მშვიდობიან აქციას დღეს გავმართავთ.

შეიძლება ჩემმა გასვლამაც არაფერი გააკეთოს და გააკეთოს თუნდაც პატრიარქის თხოვნამ, რომელიც გუშინ უკვე გადაეგზავნა რუსეთის პატრიარქს და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დადებით შედეგს მოიტანს", - თქვა მან.

გუშინ, 22 ივნისს მეუფე ანდრია და მეუფე დამიანე გახელაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. სახლის დატოვების შემდეგ მეუფე ანდრიამ თქვა, რომ ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით წერილს გაუგზავნის.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია შესაძლო პროვოკაციაა, რომელსაც ისინი არ დაუშვებენ. 

კომიტეტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შეიძლება დაარღვიონ ე.წ საზღვარი, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება - "ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები ჩაიშლება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში".

კგბ ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები. 

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში დღეს, 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება. 

მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.


close დახურვა