საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, სენატორებმა ოპოზიციას "არა მხოლოდ ყური აუწიეს, არამედ გაულაწუნეს". ზარქუა ასე აშშ-ს სენატში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას გამოეხმაურა, რომელზეც ხელისუფლების მიმართ არაერთი მძაფრი და კრიტიკული შეფასება გაისმა.
ზარქუას მტკიცებით, დებატებისას მნიშვნელოვანი გზავნილები გაისმა, მათ შორის ის, რომ "ოცნებას ევროატლანტიკური კურსიდან არასდროს გადაუხვევია" და ისიც, რომ "საქართველოს პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი რუსეთის ინტერესებშია".
აღსანიშნავია, რომ სენატორმა შაჰინმა, რომლის ფრაზასაც ქართველი დეპუტატი ეყრდნობა, თქვა, რომ "რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა".
ზარქუას თქმით, "პირველი იყო ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან და უფრო მეტიც, მან გააძლიერა და რეფორმებით თუ ყველანაირი წინ გადადგმული ნაბიჯებით კიდევ უფრო ახლოს არის ნატო-სთან და ევროკავშირთან.
მეორე მესიჯი და განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა სენატორებისგან, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ეს ნათლად იყო ხაზგასმული და ჩემი აზრით, ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც".
მიუხედავად იმისა, რომ სენატრომა შაჰინმა ოპოზიციონერების პატიმრობას "რუსეთის გამარჯვება" უწოდა, ზარქუას მტკიცებით, სენატორებმა თქვეს, რომ "საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს" და ოპოზიციურ პარტიებს "პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს":
"მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს და არ თქმულა ამაზე საერთოდ. იქ იყო საუბრები იმაზე, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია და შესაბამისად ზის ციხეში და ყველაზე მთავარი არის ის, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან და მეც და ჩემი კოლეგებიც, ერთად მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ იქნება კომპრომისულ ვარიანტზე ჩამოყალიბდნენ თვითონ. ერთადერთი ამოცანა დაუსვეს მათ, როგორც ევროპარლამენტარებმა, ასევე როგორც სენატორებმა უთხრეს, რომ მათი ადგილი არის პარლამენტში და უნდა გააგრძელონ მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
23 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების" თემაზე მოსმენა გაიმართა.
სენატორმა შაჰინმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოში "კრიტიკულ" სიტუაციასა და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრაა:
"არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია".
მანვე ახსენა ოპოზიონერთა დაკავება და ეს "რუსეთის გამარჯვებად" შეაფასა.
"ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა", - თქვა სენატორმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა, რომელიც სხდომაზე მომხსენებელი იყო, თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების ვერმიღწევა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დააზიანებს.
"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მხოლოდ მათ ეკისრებათ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ადმინისტრაცია მოელის თქვენთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად კონგრესში მუშაობის დაწყებას, რათა გამოინახოს არაერთი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად", - აღნიშნა კენტმა.
საქართველოს საკითხზე მოსმენა აშშ-ს სენატში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად დაინიშნა. დანიელსონის ვიზიტის შედეგად მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი სპეციალური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი დანიელსონი მედიაციის მიზნით საქართველოს კვლავ ეწვევა.