რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ 15 თებერვალი ისტორიაში ომის დასავლური პროპაგანდის ჩავარდნის დღედ შევა.
„2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც ომის დასავლური პროპაგანდის ჩავარდნის დღე. შერცხვენილი და განადგურებული გასროლის გარეშე“, - წერს მარია ზახაროვა.
მანამდე კი ზახაროვამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ბლუმბერგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში 15 თებერვალს შეიჭრებოდა, რაც, მისი თქმით, დეზინფორმაცია იყო.
„ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ამერიკულმა გამოცემა ბლუმბერგმა 15 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა.
არ სურს ამ მასობრივი დეზინფორმაციის მედიუმს ამ წინასწარმეტყველების განმარტება?
რამდენიმე საათი დარჩა მონანიებისთვის, ვიდრე ბლუმბერგი გოგრად გადაიქცევა და ისინი, ვინც მას [ბლუმბერგს] იყენებდა - ვირთხებად“, - წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.
გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ 16 თებერვალი ქვეყანაში ერთიანობის დღედ გამოცხადდება.
დღეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან".
დღეს, 15 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კონაშენკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მასშტაბური წვრთნები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, სწავლების დასრულების შემდეგ კი ჯარები, "როგორც ყოველთვის", ერთობლივად დაუბრუნდებიან განლაგების ადგილებს.
ამაზე პასუხად კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანას მაშინ დაიჯერებს, როცა ამას იხილავს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დეესკალაციაზე საუბარი.
ასევე დღეს რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი.