უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად, 80 ქალაქი და სოფელი დაიტბორა. მისი თქმით, ტრაგედია მასშატბურია.
"დღეს რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საფრთხეს წარმოადგენენ ყველასთვის და ყველაფრისთვის. მათ ააფეთქეს კახოვკას კაშხალი. ეს იყო მიზანმიმართული და წინასწარ მომზადებული აფეთქება. მათ კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. 80 ქალაქი და სოფელი დატბორილია.
ევაკუაცია დაწყებულია, მაგრამ სამწუხაროდ, ტრაგედია უფრო მასშტაბურია. მილიონობით ადამიანისთვის ის იყო სასმელი წყლის წყარო, ახლა აღარ იქნება და რა შედეგი მოჰყვება გარემოსთვის ჯერ დასადგენია. რუსეთმა ააფეთქა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი. ეს არის ნამდვილი ეკოციდი", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი პროკუდინის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.