logo
ENG



ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ

14 თებ 202222:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/14/gnp5ysix70hyvzv.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას აწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.

გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ 16 თებერვალი ქვეყანაში ერთიანობის დღედ გამოცხადდება. 

„ჩვენ გვემუქრებიან დიდი ომით და კიდევ ერთხელ ჩანიშნეს შემოჭრის თარიღი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე... გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გადმოვფენთ, ლურჯ და ყვითელ ლენტებს დავკიდებთ და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

16-17 თებერვალს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალია დაგეგმილი.

ამ ეტაპზე აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები სწორედ ამ დროს არ დაიწყება. მინისტერიალს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პირადად დაესწრება.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაზვერვის მრავალი სხვადასხვა ხაზი, რუსული კომუნიკაციების ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის გარშემო განლაგებული რუსული ჯარები აძლიერებენ თავის შესაძლებლობებს, ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის, გაფრთხილების გარეშე თავს დაესხას უკრაინის დედაქალაქს, კიევს. 

"ისინი მეტად მომზადებულები ხდებიან", - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. 

CNN-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან ამ დროისთვის დაახლოებით 130 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.  მიუხედავად ამისა, აშშ რუსეთის ამ ნაბიჯებს ჯერაც არ აფასებს, როგორც "საბოლოო სამზადისს", ვინაიდან პუტინს ჯერაც აქვს დრო, შეწყვიტოს ნებისმიერი სამხედრო მოქმედებაა.

მიუხედავად ამისა, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო ვერ ხედავს საფუძველს, თქვას, რომ რუსეთი ქვეყანაში 16 ან 17 თებერვალს შეიჭრება. საბჭოს მდივანი, ალექსეი განილოვი ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია. 

"დღეისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლოა ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდეს 16 ან 17 თებერვალს. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ". - განაცხადა მან. 

მისივე განცხადებით, რუსეთის მხრიდან საფრთხე მუდმივად არსებობს.

"ჩვენ არმია, ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორი მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის". - თქვა მან.

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.

თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.

РИА Новости-მ 12 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.


close დახურვა