უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და მსოფლიოს მოუწოდებს ამაზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ.
ზელენსკი ამბობს, რომ სინამდვილეში რუსეთმა ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო.
"რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა ჩვენი საკვებით გემების მოძრაობა დაბლოკა. სექტემბრიდან დღემდე მარცვლეულის დერეფანში უკვე დაგროვდა 176 გემი, რომლებიც მარშრუტს ვერ გადიან. ზოგიერთი მარცვლეულის გადამზიდი უკვე სამი კვირაა ელოდება გასვლას. ეს არის რუსეთის აბსოლუტურად შეგნებული ბლოკადა, ეს არის რუსეთის აბსოლუტურად გამჭვირვალე საფრთხე აფრიკისა და აზიისთვის ფართომასშტაბიანი შიმშილის საფრთხის დასაბრუნებლად. შვიდ მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის საკვების ხელმისაწვდომობა რეალურად უარესდება. ალჟირი, ეგვიპტე, იემენი, ბანგლადეში, ვიეტნამი - ეს და სხვა ქვეყნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათი დესტაბილიზაცია შესაძლებელია რუსეთის ამ გადაწყვეტილებით, რომელიც ექსპორტის დაბლოკოს ეხება", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს. უწყების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან ანექსირებულ სევასტოპოლში, შავ ზღვაში რუსულ გემებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მიიღეს.