logo
ENG



ზელენსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა

14 სექ 202214:39
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში ჩავიდა, სადაც უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს.

"სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ქალაქი "რაშისტი" ოკუპანტებისგან," - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, ღონისძიების დასაწყისში დამსწრე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული დამცველების ხსოვნას. პრეზიდენტმა უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა მიწების გათავისუფლებისთვის, რის შემდეგაც საზეიმო ვითარებაში, საკრებულოს თავზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართა.

***

გუშინ, 13 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ოკუპანტებისგან 8 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.


close დახურვა