უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Wall Street Journal-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინა ოკუპანტების წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის.
"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი დრო დაგვჭირდება. სიმართლე გითხრათ, ეს, შესაძლოა, ბევრი მიმართულებით წავიდეს, განსხვავებული მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მზად ვართ", - განაცხადა მან.
აქამდე საუბარი იყო, რომ უკრაინა კონტრშეტევას, სავარაუდოდ, მაისში დაიწყებდა - როგორც გამოცემა The New York Times წერდა, უკრაინა კონტრშეტევის მაისში დასაწყებად ემზადებოდა.
უკრაინელი ოფიციალური პირებიც მიანიშნებდნენ კონტრშეტევის უახლოეს მომავალში დაწყების შესახებ. მაგალითად, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აცხადებდა, რომ უკრაინას იარაღის საჭირო მინიმუმი უკვე ჰქონდა და სავარაუდოდ, კონტრშეტევას მალე დაიწყებდნენ.
14 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ კონტრშეტევის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე იქნებოდა - მას არ დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ საზოგადოება ამას აუცილებლად იხილავს, ხოლო რუსეთი - ნამდვილად იგრძნობს.