გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ზეღდულეთში, გაყიდული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია იმართება. მოსახლეობამ გასხვისებულ მიწაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ხუთი ჯარისკაცის ფოტოები ბანერზე გააკრა და იქვე განათავსა. ჯარისკაცები სოფელ ზეღდულეთიდან იყვნენ, ამიტომ ადგილობრივები სადავო ტერიტორიისთვის მათი სახელის მინიჭებას ითხოვენ.
"ჩავატარეთ რამდენიმე აქცია, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყვა, გადავწყვიტეთ აღგვემართა რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად გარდაცვლილი 5 ვაჟკაცის მემორიალური დაფა და ამ მამულს, მიწას დაერქვას მათი სახელი", - თქვა ადგილობრივმა მცხოვრებმა იმედა ცერცვაძემ ფორმულასთან საუბარში.
სოფელში ხმაური და დაპირისპირება იყო 20 ნოემბერსაც. ადგილზე კონფლიქტი იმ დროს დაიწყო, როდესაც მიწის მეპატრონემ ფართობის დამუშავება დაიწყო. ადგილობრივები ტრაქტორის დამუშავების შემდეგ პროტესტის ნიშნად თხრილში ჩაწვნენ.
ადგილობრივების თქმით, გაყიდული ტერიტორია სოფლის საძოვარია და მეპატრონეს მისი დამუშავების უფლება არ აქვს.
ქართული ოცნება წინა ხელისუფლებას აბრალებს, რომ სადავო მიწები პირველად ნაციონალური მოძრაობის დროს გასხვისდა. თავდაპირველად, მიწის ნაკვეთი ინდოელმა ინვესტორმა იყიდა, რომელიც მოსახლეობას, აქამდე, საძოვრების გამოყენების საშუალებას აძლევდა. მას შემდეგ, რაც ინდოელმა ინვესტორმა მიწა გაყიდა, ახალმა მფლობელმა მისი გადახვნა დაიწყო.