logo
ENG



ზურაბიშვილი: 27 აპრილს გამოიცემა შეწყალების აქტი

21 აპრ 202119:51
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: 27 აპრილს გამოიცემა შეწყალების აქტი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 27 აპრილს გამოიცემა შეწყალების აქტი და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს. 

ეს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული. 

ზურაბიშვილი წერს: 

"საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით.

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!". 

დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. 

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

*** 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა