logo
ENG



ზურაბიშვილი: განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, გაუგებარი ნაბიჯია

02 სექ 202118:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმას ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპული თანადგომის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ იმ ძალებს, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ. 

მისივე თქმით, სესხზე უარის თქმა, ქართული ოცნების მხრიდან გაუგებარი ნაბიჯია. 

როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, "ანალიზს ვერ უძლებს". 

"რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს აძლევს ხელს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციისა თუ დასუსტების გამოწვევას. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც 2-ციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა მოსახლეობას და მის შემცირებას უშუალოდ ემსახურობდა აღნიშნული 75-მილიონიანი სესხი", - თქვა ზურაბიშვილმა.

ანასთან, ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის რეიტინგზე, ასევე, უცხოელი ინვესტორების განწყობაზე.

"გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ 2-ციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება. ამ ნაბიჯის ეკონომიკური შედეგები, ამ სესხის აღება-არაღებით არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა. მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე, უცხოელი ინვესტორების განწყობაზე", - განაცხადა მან. 

მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.


close დახურვა