logo
ENG



ზურაბიშვილი: თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, ქმედითი ნაბიჯებია საჭირო

07 აპრ 202318:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/07/6ch4dbyvnt5x73f.png

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული 4 მოსამართლეს "თუ არ გვინდა, რომ გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი", საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს იმიჯის გამოსასწორებლად.

მისი თქმით, ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს, "სრული გამოძიება, უმაღლესი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის გადახედვა ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა."

"ჩვენზეა, ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა უმაღლესი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა, რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ამას ნამდვილად არ იმსახურებს და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი გახდეს, არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა დაუნდობლად გვითხრას სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ და რა არის გამოსასწორებელი. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ და ძალიან გაგვიხარდება."- ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ის შიშობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპის მიერ არ იყოს აღქმული, როგორც ნეგატიური სიგნალი, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.

"ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში. ეს მაშინ, როცა საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი. ამიტომ, არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების."- განაცხადა პრეზიდენტმა.

* * *

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. 


close დახურვა