პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მის ადმინისტრაციაში ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გაგზავნილა. ამის შესახებ ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
არსებული ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქება აქვს მიღებული.
საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, ის ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ქართული ოცნების წევრები ფარცხალაძეს კვლავ "საქართველოს მოქალაქედ" მოიხსენიებენ.
ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისთვის მას საქართველოს პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა. პრეზიდენტი კი უარყოფს, რომ ამ საკითხზე მის ადმინისტრაციაში რაიმე სახის განცხადება შევიდა.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.