logo
ENG



ზურაბიშვილი მოქალაქეობაზე: რატომ იგონებს კომისიაში ვიღაც ჩინოვნიკი ახალ კრიტერიუმებს

27 მაი 202312:22
3 წუთის საკითხავი
 

დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გააკრიტიკა. მისი თქმით, უცხოეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭება მარტივი უნდა იყოს და არარსებული კრიტერიუმები არ უნდა იყოს გამოყენებული.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ქართველს, რომელსაც აქვს სურვილი მოქალაქეობა მიენიჭოს ან დაიბრუნოს, ეს შეუფერხებლად უნდა მოხდეს. მისივე თქმით, უწყებათშორისი კომისია მოქალაქეების მისანიჭებლად ახალ კრიტერიუმებს არ უნდა იგონებდეს, ამასთან, უნდა გამარტივდეს ჩასაბარებელი ტესტები.

"არ აქვს მნიშვნელობა ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს რამე ქონებას თუ არ ფლობს. ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს გამოყენებული. რატომ იგონებს ვიღაც ჩინოვნიკი კომისიაში, რა უნდა იყოს ახალი დამატებული კრიტერიუმები. 3 წელია იუსტიციის სამინისტროსგან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, გავამარტივოთ ტესტები. ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები? ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, რომ, ოოო, ქართველია, თურმე.

ჩვენ ახლა უნდა მივცეთ მათ ხელი, რომ მოდით, იყავით ქართველი. იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ ასევე იყავით ქართველი იმიტომ, რომ რა ბმაც გაქვთ, ეს არის ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა, ეს არის მათი პირველი მოთხოვნა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთიდან მოქალაქეობის მსურველების სია აქვს და თუ უსაფრთხოების ნაწილში კითხვები არ არსებობს, მისი წარმომადგენელი კომისიაში მოქალაქეობის მინიჭებას მხარს დაუჭერს.

"არ მაინტერესებს, სად ცხოვრობენ, თუნდაც რუსეთში, ან ამერიკაში და ვერ თუ, არ ჩამოდიოდნენ. ქვეყანას არ აქვს უფლება, ეს ხალხი დაკარგოს. არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამის უფლება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის. აბა რისთვის, ჩვენ რაღაც ცეკვა-თამაშებისთვის რაღაც თანხებს ვუგზავნით, ეს არ არის დაცვა და დახმარება დიასპორის. დახმარებაა, რომ ისინი ჩავთვალოთ ჩვენიანებად. მაგალითად, თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით არის ებრაელი, ავტომატურად აძლევენ მოქალაქეობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


close დახურვა