logo
ENG



ზურაბიშვილის თქმით, გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო

12 აპრ 202421:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/12/dt77yicbs6mnwen.jpg

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.

ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა. 

ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები.

"ხელი ჯერ არ მომიწერია, არის პროცედურები, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე ჩემს თავთან ერთად და ამაზე ვფიქრობ რამდენიმე დღეა, თუმცა, სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვერ გადავწყვეტდი. გადავწყვიტე ათ საათსა და რამდენიმე წუთზე", - თქვა პრეზიდენტმა. 

დღეს 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.  

გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.

2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა