logo
ENG



თაბაგარი: ძალიან დიდი მადლობა მედიას სამოქალაქო გმირობისთვის!

05 ივლ 202122:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/zgnyh4k4wuuk00p.jpg

თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი მედიას მადლობას უხდის. 

როგორც ის Facebook-ზე წერს, მედიის წარმომადგენლები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და სამოქალაქო გმირობა გამოავლინეს.

"არასოდეს უმუშავია მედიას ასე კარგად, როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ისეთი სტანდარტით გააშუქეს პრაიდთან დაკავშირებული ამბები, რომ მართლა ძალიან მადლიერი ვარ. თქვენზე დიდი წილი მოდის ამ ქვეყანაში აზროვნების ცვლილების გარდაუვალ პროცესში.

ჩვენთან ერთად იყავით ამ ბრძოლაში და თქვენ იყავით წინა ფრონტზე. ძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის!", - წერს თაბაგარი.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა