თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს "კარგად მომზადებული რეზერვი". მისი თქმით, "ჩვენნაირი გამოწვევების" ქვეყნებისთვის ეს რეკომენდებულია და "პრინციპში, ალტერნატივა არ აქვს". ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
"ზოგადად, თავდაცვის ძალებს აქვთ 10-წლიანი განვითარების გეგმა და მათ შორის ჩვენნაირი გამოწვევების, ასე ვთქვათ, ქვეყნებისთვის ცალსახად რეკომენდებულია და პრინციპში, ამას ალტერნატივა არ აქვს, ტოტალური თავდაცვის პრინციპი. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, საკონტრაქტო ჯარს და ამავდროულად, გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი. ჩვენ ამ ორივე ამოცანას, რა თქმა უნდა, მივაღწევთ.
თქვენ იცით, რომ ჩვენ, გარდა იმისა, რომ სოციალური პირობები გავაუმჯობესეთ პრემიერმინისტრის მინისტრობის დროს თითოეული ჯარისკაცისთვის, ასევე, გაიზარდა წელს ანაზღაურება და საკონტრაქტო პირობებიც ჩვენ არსებითად გავაუმჯობესეთ მიმდინარე წელს.
მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამავდროულად, ჩვენ აუცილებლად უნდა გვყავდეს მომზადებული რეზერვი. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ჩვენ არ გადავდგით რადიკალური ნაბიჯები, არსებითად არ შეგვიცვლია, გარდა იმისა, რომ გავამარტივეთ არსებითად სავალდებულო სამსახურის მოხდა და არჩევანის სხვადასხვა საშუალება მივეცით ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა მან.
თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 28 დეკემბერს წარადგინეს. კანონპროექტის პაკეტი ამ ეტაპზე კომიტეტებმა განიხილეს და პლენარულ სხდომაზე არ გასულა.
რიგ საკითხებთან ერთად ახალი კოდექსი სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც ეხება. იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ან მისგან გათავისუფლების პირობები, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. 10 მარტს თავდაცვის კოდექსის კანონპროექტში ცვლილებები შევიდა - ცვლილებების თანახმად, სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ.
რა იცვლება თავდაცვის კოდექსში?
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას და თავდაცვის სფეროში არსებული მოქმედი სამართლებრივი აქტების კონსოლიდირებას.
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება "არაკეთილსინდისიერი ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა" დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას.
სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცლება სახელი და ეწოდა - "წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური". იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება.
კერძოდ 12- თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები:
- საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე;
- დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე;
- უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე.
რა იცვლება სასულიერო პირებისთვის?
დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო სამხედრო სამსახურს 18-27 წლის პირები ექვემდებარებიან. ამასთან, მოქმედი კანონით გაწვევა გადაუვადდება მღვდელმსახურს ან პირს, ვინც სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.
მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების შემთხვევაში კი კონსტიტუციურ შეთანხმებაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ "სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან".
ორივე შემთხვევაში შედეგი ერთი დგება - მღვდელმსახური ჯარში აღარ მიდის.
თავდაცვის კოდექსის ამჟამინდელი პროექტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი ვეღარ ისარგებლებს. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, "გადავადების აღნიშნული საფუძველი არ არის თავსებადი იმ ხედვებთან, რომელსაც ავითარებს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით".
სასულიერო პირებს მოუწევთ გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც 12 თვე გაგრძელდება.
სწორედ ამ ცვლილებებმა გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად თანასწორი იქნება კანონი მართლმადიდებელი და სხვა კონფესიების მღვდელმსახურების მიმართ.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის ფარგლებში, არ იგეგმება ცვლილებების შეტანა კონსტიტუციურ შეთანხმებაში. კონსტიტუციურ შეთანხმებას კი იერარქიულად უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ორგანულ და საქართველოს კანონებთან მიმართებით.