logo
ENG



თავისუფლება მიშას - თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია იმართება

08 ნოე 202121:10
3 წუთის საკითხავი
 
თავისუფლება მიშას - თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია იმართება
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

თავისუფლების მოედანზე ოპოზიციისა და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლებაა.

აღსანიშნავია, რომ აქციაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ასობით მოქალაქე მონაწილეობს. კერძოდ, სააკაშვილის მხარდამჭერები ჩამოვიდნენ აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან.

აქცია, თავისუფლების მოედანზე მას შემდეგ დაანონსდა, რაც ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მმართველ გუნდს მოუწოდებდა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ. ულტიმატუმის ვადა გუშინ ამოიწურა და მელიამ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დააანონსა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს, ასევე უკრაინის დროშები და ბანერები წარწერით: "თავისუფლება მიშას!" აქვთ მიტანილი. ამ დროისთვის გადაკეტილია თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია. 

ცნობისთვის, დღეს ექიმების კონსილიუმმა რეკომენდაცია გასცა, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაეყვანათ. რამდენიმე საათში მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მან ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ სააკაშვილი ციხიდან "გაიტაცეს", რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა ვერტმფრენი და ორი ბრონირებული ავტომობილი.

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.


close დახურვა