პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამნისტიის კანონს პარლამენტი 26-30 აპრილის კვირაში დაყოვნების გარეშე მიიღებს.
მისი თქმით, კანონპროექტი ოპოზიციასთან კონსულტაციებით დაიწერება.
"არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც მოხდება დაყოვნების გარეშე.
პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში - “ქართულ ოცნებას” არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია და მოლაპარაკების პროცესშიც, შეთანხმების ამ პუნქტის ჩამოყალიბებაში რაიმე დამატებითი პირობა არ შეუტანია". - ამბობს თალაკვაძე.
ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტში 27 აპრილს დარეგისტრირდება. სამოქალაქო საზოგადოება პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან მისი პოლიციელებზე გავრცელება. ამ პირობებში, ამნისტიის კანონით ციხის დატოვება მიუღებელია ნიკა მელიასთვის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, პოლიციელების შემთხვევაში კანონს დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს.
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.