პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ფრაქცია ლელოს ინიციატივა 19 აპრილის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, მათ "დესტრუქციულ დამოკიდებულებებზე" მიუთითებს.
როგორც ის აღნიშნავს, ეს არის მცდელობა, მოხდეს პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე.
"მათ შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან კითხვები კანდიდატებს და დაუმტკიცონ საზოგადოებას ის, რასაც განცხადებებში ამბობენ. ჩემი აზრით, ეს მიუთითებს მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და არის მცდელობა, პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა მოხდეს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომელიც მხოლოდ ისე უნდა ჩატარდეს როგორც ეს კანონში წერია", - ამბობს თალაკვაძე.
მისი თქმით, ქართული ოცნება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს პასუხისმგებლობით ასრულებს.
"მაჩვენეთ შეთანხმების ერთი პუნქტი მაინც, რომელსაც ჩვენ არ ვეკიდებით პასუხისმგებლობით და არ ვასრულებთ ისე, როგორც ჩაწერილია. სასამართლო მოსამართლეების გარეშე - ეს არ წერია მიშელის შეთანხმებაში", - განაცხადა თალაკვაძემ.
დღეს, 23 ივნისს, მამუკა ხაზარაძე ფრაქციის სახელით ინიციატივით გამოვიდა - თუ ქართული ოცნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.
ინიციატივას შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას ბლოთ გასული დეპუტატი, კახა ოქრიაშვილიც.
მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.
დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.
მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.