logo
ENG



თალაკვაძე: ოპოზიცია უახლოეს დღეებში საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს

26 დეკ 202023:11
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს. 

როგორც თალაკვაძემ იმედის ეთერში განაცხადა, ეს ფაქტი შესაძლოა "ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ეწყინოს". 

"გარწმუნებთ, რომ უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. ვიცი, რომ ეს ზოგიერთებს ძალიან ეწყინებათ, ამ ოპოზიციაში-რადიკალურ ნაწილს, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს, რომლებიც პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტი, შეკრების დღიდან ერთპარტიულია. ქართული ოცნების დეპუტატმა 24 დეკემბერს, მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამაც ერთპარტიულად დაამტკიცეს

ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურად თქვა უარი და პარტიული სიებიც გააუქმეს.

გამონაკლისი ამ მხრივ პატრიოტთა ალიანსის 2 წარმომადგენელია. მათგან ერთი პარტიული სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძეა, რომელმაც თქვა, რომ მანდატზე უარს არ ამბობს, და პარლამენტში მაშინ შევა, "როცა გადაწყვეტს". რაც შეეხება მეორე წევრს, ის გელა მიქაძეა, რომელმაც ფორმულანიუსის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლა მმართველ გუნდთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.

ამ დრომდე უცნობია პარტია მოქალაქეების ლიდერების - ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის, ასევე გირჩის სამი წარმომადგენლის - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ამ ეტაპზე მხოლოდ მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი და გირჩის ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი ხედავენ. უცნობია, როდის არის დაგეგმილი შემდეგი, მე-5 რაუნდი და რა შედეგით დასრულდება საბოლოოდ პროცესი. 

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მოთხოვნების სრული სია იხილეთ აქ.


close დახურვა