ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დღეს შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის.
თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ცვლილებებს სრული მხარდაჭერა ექნება.
„დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას აგრძელებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდება. ის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2018 წელს გავატარეთ, იყო სწორი და ემსახურებოდა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. დღეს შეგვიძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ წინ უფრო ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური პოლიტიკური სისტემისთვის. იმედია, კენჭსყრაზე იქნება სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება.
ცვლილებების არჩევნებზე მანდატების 120/30-ით ჩატარებას ითვალისწინებს, ხოლო ბარიერი 1% უნდა გახდეს.
კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც კანონპროექტს ხმას საპატიმროდან „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გამოშვების შემდეგ მისცემენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ცვლილებებისთვის საჭირო 116 დეპუტატის ხმის მობილიზებას შესძლებენ.