logo
ENG



თალაკვაძე აშშ-ში გამგზავრებას აპირებს - რა შედეგს მოიტანს კონგრესმენებთან შეხვედრები

01 თებ 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ ერთი კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდების გამო აკრიტიკებს. უილ ჰარდი ტვიტერის პოსტში წერს, რომ ქართველი ხალხი რუსეთისგან ზეწოლას ებრძვის. იგი მთავრობისგან დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვს და მოხარულია, რომ ამ მოთხოვნას კონგრესის ორივე პარტია უჭერს მხარს.

უილ ჰარდი იმ კონგრესმენებს შორისაა, ვინც საქართველოს სანქციების შესახებ კონგრესში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას შეუერთდა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე "ქართულ ოცნებას "ახსნა-განმარტებები აშშ-ში ვიზიტის დროსაც მოუწევს. პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონში მომავალ კვირას გაემგზავრება, თუმცა ამ ვიზიტით დასავლეთის კრიტიკული ტონის შეცვლას ოპოზიცია არ ელოდება. ისინი შეერთებულ შტატებში კობახიძის ბოლო ვიზიტს იხსენებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ ვიზიტს მოჰყვა მწვავე წერილები კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან. ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს. 

აშშ-ს მხრიდან სანქციებს "ქართულ ოცნებაში" გამორიცხავენ. უმრავლესობას იმედი აქვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტისას პარტნიორებს ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. დეპუტატები ამტკიცებენ რომ, კრიტიკული წერილების მიუხედავად, აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ უცვლელია.

პოლიტიკოსების გარდა, კრიტიკული შეფასებები ამერიკულ მედიაშიც გრძელდება. Washington Examiner-ი წერს, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტი გიორგი გახარია თელავენ. ავტორი ყურადღებას ამახვილებს დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებაზე და პოლიტიკოსებსა თუ დემონსტრანტების დევნაზე. გამოცემის შეფასებით მხოლოდ კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკა საკმარისი არ არის და მსგავსი გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის ან სახელმწიფო მდივნის - მაიკ პომპეოსგან უნდა წამოვიდეს. 

ასეთ ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში მომავალ კვირაში გაემგზავრება. უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრაც, სადაც საარჩევნო სისტემაზე უნდა იმსჯელონ. ეს უკვე შეხვედრის მე-5 რაუნდი იქნება, თუმცა შეთანხმებას პოლიტიკურმა სპექტრმა ჯერ ვერ მიაღწია.  

 

 


close დახურვა