logo
ENG



თალაკვაძემ გვაჩვენოს პასპორტი - 23 ნოემბერს პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი

22 ნოე 201919:53
3 წუთის საკითხავი
 
tzrvk2hhek9n3fv.jpg

"ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია იტალიაში ძვირადღირებულ კურორტზე პარლამენტის თავმჯდომარის და დედაქალაქის მერის ვოიაჟის შესახებ, დადასტურებულია. როგორც ჩანს, სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, არჩილ თალაკვაძე კომოდან თბილისში სასწრაფოდ დაბრუნდა. დილით საკუთარ კაბინეტში ჩაწერილი და შემდეგ სოციალურ ქსელში დარეკლამებული ვიდეომიმართვით, ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ კომოზე კი არა, თბილისში იმყოფება.

კერძოდ, აქციების დარბევისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, კომოს ტბაზე, იტალიაში სავარაუდოდ საბიუჯეტო სახსრებით წვეულებაზე დასწრება პარლამენტის თავმჯდომარემ არც უარყო და არც დაადასტურა. არჩილ თალაკვაძე, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" მიკერძოებულ და პოლიტიზირებულ გაშუქებაში ადანაშაულებდა, ტყუილში მალევე ამხილეს. გავრცელდა მისი იტალიაში გამგზავრების ფოტოები, ღამით თბილისში დაბრუნებას კი ორი ოპოზიციონერი ლიდერი ადასტურებს.

თავად არჩილ თალაკვაძემ ასევე არ უპასუხა კითხვებს, მეგობრობს თუ არა ბიზნესმენ გიორგი ბავერნაშვილთან და იყო თუ არა გუშინ საღამოს მისი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იტალიაში, კომოს ტბაზე. დამატებითი ეფექტისთვის მან ფეისბუკ მიმართვაც ჩაწერა. თალაკვაძის კაბინეტში გადაღებული ვიდეო პარლამენტის თავმჯდომარის სოციალური მედიის მენეჯერებმა დაასპონსორეს კიდეც.

ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის დაბადების დღეზე, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე "ქართული ოცნების" ე.წ. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თითქმის  სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარესთან და დედაქალაქის მერთან ერთად კომოს ტბაზე ბექა ოდიშარია, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და ივლიანე წულაიაც იყვნენ.  

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე კომოს ტბაზე "ქართული ოცნების" წევრების გამგზავრება ოპოზიციონერებმა გააპროტესტეს. 

კანონმდებლების შემდეგ კი, ახლა საზოგადოება ახალი საპროტესტო აქციისთვისაც ემზადება, - თალაკვაძემ გვაჩვენოს პასპორტი - ამ ლოზუნგით ხვალისთვის აქცია პარლამენტის შენობასთან დაიგეგმა. 

 


close დახურვა