logo
ENG



თალაკვაძემ პოსტი მოლაპარაკებების საბაბით დატოვა, თუმცა, ოპოზიციასთან შეხვედრაზე არ იყო

25 აპრ 202117:38
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძემ პოსტი მოლაპარაკებების საბაბით დატოვა, თუმცა, ოპოზიციასთან შეხვედრაზე არ იყო

დღეს, 25 აპრილს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა. 

მათ ამნისტიის კანონზე იმსჯელეს, რომელიც შარლ მიშელის შემოთავაზებული და ხელმოწერილი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია. 

შეხვედრას არ დასწრებია არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამ დრომდე მოლაპარაკებებში ხელისუფლებას წარმოადგენდა. მის ნაცვლად შეხვედრაზე ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე იყვნენ. 

თალაკვაძემ გუშინ, 24 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა და ვიცე სპიკერის პოზიციაზე გადაინაცვლა. 

მიზეზად მან მოლაპარაკებებში სწორედ ქართული ოცნების სახელით მონაწილეობა დაასახელა - თალაკვაძის აზრით, "პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დატოვოს სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარადგინოს ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება".  

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

ასევე, შეთანხმების მიხედვით: 

  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა