ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შემოტანა არ განიხილება.
როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო ამ დროისთვის განიხილავეს მხოლოდ Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინებს.
"საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს რომლებსაც აქვს ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ან ჯანმო-ს მიერ არის პრეკვალიფიცირებული. ამ ეტაპზე არცერთი ჩინური ვაქცინა - სინოვაკი და სინოფარმია ყველაზე ცნობილი, არ მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ რასაც განვიხილავთ ამ ეტაპზე, ეს არის Pfizer-ის ვაქცინა, AstraZeneca და Moderna, რომელიც ასევე არის ის კანდიდატი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ გამოიყენოს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მზაობას, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მაცივრები, რომლებიც ვაქცინის შესანახად არის საჭირო, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ლაბორატორიებშია და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ახალი მაცივრების შეძენაც არ იქნება პრობლემა.
"დღესაც რომ გვქონდეს Pfizer-ის ვაქცინა, სამ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, -80 გრადუსზე ტემპერატურის მქონე მაცივრები, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინების შენახვა. მაცივარი, რომელიც კულტურების შესანახად გამოიყენებოდა, არის ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში და მის ფილიალებში, ასევე არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, რადგან ეს ლაბორატორიები არის მაღალტექნოლოგიური.
პრობლემა ეს არ არის და არც ძვირი არ ღირს ეს მაცივარი იმდენად, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ შესყიდვა მოკლე ვადაში და ამ მიმართულებითაც მუშაობა დაწყებულია. წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 23 ათასი დოლარია ამ ტიპის ერთი მაცივრის ღირებულება. დამატება თუ დაგვჭირდა ამასაც შევიძენთ", – განაცხადა გაბუნიამ.
გასულ დღეებში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მათი შენახვის ტემპერატურია -80 და -20 გრადუსია, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია და მათი ყველა რაიონში დისტრიბუციის საშუალება არ არის.
ცერცვაძის თქმითვე, საუბარია საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზე - ერთი AstraZeneca-ა, მეორე კი ჩინური წარმოების ვაქცინა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და საქართველოს მზაობის შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.