ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საავტორო თოჯინის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება, თუმცა თბილისი მას პირველად მასპინძლობს.
ფესტივალზე წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებში, მუზეუმებში ინახება და გალერეებშია გამოფენილი. ექსპოზიციები უკრაინელ მეთოჯინეს ალექსანდრა მარეის ეკუთვნის. მარეის თითოეულ ნამუშევარს საკუთარი ისტორია აქვს. იგი თოჯინებს ტექსტილის სკულპტურის ტექნიკით ქმნის. თოჯინების ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პროექტიცაა. სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ, უნიკალურ ხელნაკეთ თოჯინებს 2 საგამოფენო დარბაზი ეთმობა.
"თეთრი კვადრატის" დირექტორის, ირინა ჩეჩეტკოს თქმით, გამოფენისთვის ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ.
დამთვალიერებლებს 2 დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ ნახონ ექსპოზიცია და ხმა მისცენ ფავორიტ თოჯინებს, რის შემდეგაც 3 გამორჩეული ნამუშევარი დაჯილდოვდება.