logo
ENG



თანასწორობის მოძრაობა: საპატრიარქოს განცხადება საფრთხის შემცველია

03 ივლ 202118:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/03/5hpncnjptvohnl5.jpg

თანასწორობის მოძრაობა საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და შსს-ს ღირსების მარშის მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის თქმით, გავრცელებული განცხადება საფრთხის შემცველია და მოქალაქეებს ღონისძიების მონაწილეების წინააღმდეგ მობილიზებას ირიბად მოუწოდებს.

"მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს "სოლიდარობის მარშში" მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ შეკრებებს ძალადობრივი და ჰომოფობური ჯგუფები ხშირად თემის წევრებზე თავდასხმისთვის იყენებენ.

"თანასწორობის მოძრაობისთვის", როგორც სათემო ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანი და უპირატესია ლგბტქი თემის წევრების, აგრეთვე, ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების უსაფრთხოების საკითხი.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

– დაიცვას შეკრებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება;

– ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები",- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისაგან.

"მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

-საჯარო განცხადებების გაკეთებისას იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით;

- თავი შეიკავომ დისკრიმინაციული განცხადებებისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებისაგან", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, თანასწორობის მოძრაობა მიმართავს მედიას და მოუწოდებს, რომ "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქებისას იხელმძღვანელონ მაღალი ეთიკური სტანდარტებით და ხელი არ შეუწყონ დისკრიმინაციისა და ძალადობის წახალისებას.

დღეს, 3 ივლისს, საპატრიარქომ ღირსების მარშთან დაკავშირებით მორიგი ჰომოფობიური განცხადება გაავრცელა და 5 ივლისს, მარშის პარალელურად აქცია დააანონსა. 

1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ტარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროდან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში. 

2013 წლის შემდეგ ლგბტქ აქტივისტები რუსთაველის გამზირზე პირველად გაივლიან. 

საპატრიარქოს გარდა, ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის თავისუფლება. 

თბილისი პრაიდის აქციის მონაწილეების დაცვისკენ სახელმწიფოს მოუწოდა სახალხო დამცველმა. თბილისის მერს, კახა კალაძეს კი ანალოგიური მოწოდებით ამსტერდამის მერმა მიმართა. 

1-ლი ივლისის ღონისძიება - ფილმის ჩვენება ასევე ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების კონტრაქციის ფონზე გაიმართა. მათ პრაიდის ღონისძიების მონაწილეებს, მათ შორის დიპლომატებს კვერცხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს. 


close დახურვა