logo
ENG



თბილისი პრაიდი: მარშის საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გავავრცელებთ

05 ივლ 202101:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/uvjmp0akvyxfk7h.jpg

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, გუნდი ღირსების მარშზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს და აქტიურ კომუნიკაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

მათი თქმით, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.

"მეგობრებო, პრაიდ-კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მივუახლოვდით. ხვალ ღირსების მარშია!

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.

ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ. გელოდებით ღირსების მარშზე!" - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება, რომელიც ხვალ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე გაიმართება.


close დახურვა