logo
ENG



თბილისის მერიის მტკიცებით, იაკობ გოგებაშვილის საფლავის ქვა სიძველის გამო ჩავარდა

17 სექ 202119:28
3 წუთის საკითხავი
 
თბილისის მერიის მტკიცებით, იაკობ გოგებაშვილის საფლავის ქვა სიძველის გამო ჩავარდა

თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებაზე ინფორმაციას "სიცრუეს" უწოდებს და ამტკიცებს, საფლავის ქვა "სიძველის გამო" ჩავარდა. ქართველი საზოგადო მოღვაწის ნეშტის დაზიანებაზე ინფორმაცია გავრცელებული საიდუმლო ფაილებიდან გახდა ცნობილი. 

"2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას.

რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს", - აცხადებენ მერიაში. 

ამის მიუხედავად, მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს ადასტურებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი უფროსი, ნიკოლოზ ანთიძე.

"მოხდა მისი პატივით, როგორც არის ეკლესიურად გაკეთება და მოხდა შესწავლა ამ სამარხის. ახალი სამარხით მოხდა იმავე ადგილზე დაკრძალვა... ამ სამუშაოების დროს რაღაც მომენტში ჩაინგრა თაღი და სწრაფი რეაგირება მოხდა ძალიან", - აღნიშნა მან სტუდია მონიტორთან. 

რაც შეეხება, კითხვას ნეშტის გაბნევას, ანთიძე პასუხობს.

"რომ ჩაინგრა იქ რაღაც შეიძლება... აგურების იყო და ამიტომ სპეციალისტებს მოუხდათ აგურებსა და მიწას შორის გამორჩევა".

საფლავის დაზიანების ფაქტს ფორმულასთან ადასტურებს მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი, თუმცა მან დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებით ირკვევა, რომ, შესაძლოა, დაზიანებული იყოს იაკობ გოგებაშვილის საფლავი, ხოლო მისი ნეშტი გაბნეული.

სუს-ის მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის პანთეონში ჩატარდა სადრენაჟო სამუშაოები, რა დროსაც დაზიანდა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, მისი ცხედრის ნაწილები კი გაიბნა.

აღნიშნული ფაილი 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დავალებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალვას", - ვკითხულობთ ჩანაწერებში.


close დახურვა