თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ალასკის თავზე მაღალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.
"თავდაცვის დეპარტამენტი ალასკის საჰაერო სივრცეში ობიექტს ბოლო 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
კირბის თქმით, ობიექტი 40 ათას ფუტზე (12კმ) დაფრინავდა და "სამოქალაქო ფრენის უსაფრთხოებას გონივრულ საფრთხეს უქმნიდა". მანვე განმარტა, რომ სიფრთხილისა და პენტაგონის რეკომენდაციიდან გამომდინარე, ბაიდენმა სამხედროებს ობიექტის ჩამოგდება უბრძანა.
"და ის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში მოხვდა, ახლა ეს წყლები გაყინულია, მაგრამ ტერიტორიულ საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზეა", - აღნიშნა კირბიმ.
თეთრ სახლში არ უთქვამთ, რა სახის ობიექტი იყო ეს ან ვის ეკუთვნოდა. ობიექტის ჩამოგდება ბოლო 24 საათში მოხდა.
"ჩვენ ამას ვუწოდებთ ობიექტს, რადგანაც ეს საუკეთესო აღწერაა, რომელიც ამჟამად გვაქვს. არ ვიცით, ვინ ფლობს მას - სახელმწიფო, კორპორაციული თუ კერძოა, უბრალოდ არ ვიცით", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ობიექტი გაცილებით პატარა იყო, ვიდრე ჩინური ჯაშუში-ბუშტი და ის პატარა ზომის მანქანას შეადარა.