თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართეს. თეთრი სახლის ცნობით, საუბრისას "ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს".
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმის დაწყების შემდეგ, ეს ჯო ბაიდენის მესამე სატელეფონო საუბარია ისრაელის პრემიერმინისტრთან.
ამასთან, ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. ეს იქნება მისი მეორე მიმართვა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმის შემდეგ.
ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.