logo
ENG



თეთრი სახლი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის მთავრობას რეფორმებისკენ მოუწოდებს

08 ივლ 202300:29
3 წუთის საკითხავი
 

თეთრი სახლი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ამერიკის ხმას განუცხადა.

როგორც ამერიკის ხმა წერს, შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა პოზიცია აქვს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და ქვეყანაში რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ძლიერდება.

"ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის NATO-ს გაძლიერებით. [ამერიკის] ლიდერობით NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო NATO-ს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და NATO-ს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა", - განაცხადა თეთრმა სახლმა.

ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.


close დახურვა