logo
ENG



თენგიზ ცერცვაძემ ის მედიკამენტები დაასახელა, რომლებსაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ

15 მარ 202022:32
3 წუთის საკითხავი
 
hzpzcqfdm5mw36a.png

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ იმ მედიკამენტებზე ისაუბრა, რომლითაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

როგორც ცერცვაძემ გადაცემა „გიორგი თარგამაძის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, რომ ამ მედიკამენტებს პირდაპირი ეფექტი აქვს კორონავირუსის მიმართ, თუმცა სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მათი გამოყენება საქართველოშიც ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ რეკომენდებული არ არის მედიკამენტი, რომელსაც დადასტურებული ანტივირუსული პირდაპირი ეფექტი აქვს კორონავირუსის მიმართ, იმ ქვეყნებში სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიებია იცდება დაახლოებით 5-6 მედიკამენტი და ექსპერტული ცოდნის დონეზე, ცალკეული ავტორების ცალკეული კვლევის დონეზე, შექმნილია გარკვეული შეხედულება, რომ ამ მედიკამენტებიდან ზოგიერთი ეფექტურია, ზოგიერთი კი ნაკლებად. მაგრამ საკმარისი მტკიცებულება, რომ რომელიმე ოფიციალურად აღიარო, როგორც გამოსადეგი ამ ინფექციის სამკურნალოდ, ჯერ მიღებული არ არის. ასე რომ დადასტურებული ოფიციალური ინსტანციების მიერ, მათგან მთავარია ამერიკის წამლისა და საკვების პროდუქტების სააგენტო, ამ დროისთვის არ არის. რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ აქტიურად ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული იმ 5-6 მედიკამენტიდან, რომლებსაც ყველაზე უკეთესად თვლიან, გამოვიყენოთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან მედიკამენტების კონკრეტული სახელწოდებებიც გააჟღერა და ამავდროულად მოქალაქეები მკაცრად გააფრთხილა, რომ ამ წამლების მიღება ექიმების დანიშნულების გარეშე კატეგორიულად დაუშვებელია.

„ესენია მაგალითად, შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ე.წ. ლოპინავი-რიტონავირი; რიბავინი, რომელიც C ჰეპატიტის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება, ასევე ხლოროხინი და დეზოქსი ხლოროხინი, რომელიც წარმატებით გამოიყენება რევმატიული და ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ. ყველა ისეთი მედიკამენტია, რომელიც სხვა დაავადების დროს წარმატებულად გამოიყენებოდა და ახლა იცდება კორონავირუსისთვის. ცალკე მინდა გამოვყო ე.წ. რემდესივირი, რომელიც ამათგან იმით განსხვავდება, რომ ის შექმნა ებოლას სამკურნალოდ კომპანია „გილეადმა“. ეს ის კომპანიაა, რომელმაც რევოლუციური გარღვევა მოახდინა C ჰეპატიტის მკურნალობაში. ამ მედიკამენტმა მაშინ არ გაამართლა, მაგრამ ახალ სერიოზულად ფიქრობენ, რომ ეს მედიკამენტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ კარგი იქნება. ჩვენ ეს ბოლო მედიკამენტი არ გვაქვს, თუმცა სახელმწიფო ზრუნავს უკვე, რომ ჩვენც მოვიპოვოთ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი, 54.


close დახურვა