სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონზე ვეტოს დადება მნიშვნელოვანი აქტი იქნებოდა.
როგორც მან ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა, ეს იქნებოდა მესიჯი, "რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით უფრო მეტად ფიქრობენ".
"შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმანაც, რომ საქართველოს პარლამენტმა წინასწარ გამოაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი აზრი ამ ვეტოს არ ექნებოდა და ის იქნებოდა დაძლეული. თუმცა, ამ სამსახურისთვის და ზოგადად, ადამიანის უფლებების სფეროსთვის ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით უფრო მეტად ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს აქტი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა თოლორაიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ხელი მოაწერა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის".
დღეს, 13 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ხელი მოაწერა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის".
30 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
მანამდე, 27 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.
ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.
ამასთან, სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა.