logo
ENG



თოლორაია: საგამოძიებო სამსახურმა ინსპექტორის სამსახურის საიტიდან ყველა მასალა წაშალა

02 აპრ 202217:50
3 წუთის საკითხავი
 
თოლორაია: საგამოძიებო სამსახურმა ინსპექტორის სამსახურის საიტიდან ყველა მასალა წაშალა

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებისთვის შექმნილი ვებგვერდიდან ყველა ინფორმაცია წაშალა.

თოლორაიას განცხადებით, წაშლილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეხვედრები. მისი თქმით, ვებგვერდი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის იყო შექმნილი.

გეგონება ვებგვერდს მტრის ურდომ გადაუარა. ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია.

ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებგვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ,” - აცხადებს ლონდა თოლორაია.

თოლორაია აცხადებს, რომ ფაქტის შესახებ შეატყობინებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც სამსახურს ვებგვერდის შექმნასა და არაერთი პროექტის განხორციელებაში დაეხმარა.

***

15 თებერვალს პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია. 

საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს კარლო კაციტაძე, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის უწყებას - ლელა ჯანაშვილი.

ამ დრომდე კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი იყო. 

აღნიშნული ორი უწყება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალეს. 

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.

გასული წლის დეკემბერში ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება. 

კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ეწურება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ისე სახალხო დამცველმა

სახელმწიფო ინსპექტორს მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "დამოუკიდებლობისთვის" დასაჯა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ უწყების დაშლა მიხეილ სააკაშვილის საქმეს უკავშირდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია. თუმცა სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა


close დახურვა