logo
ENG



თსუ: ვგმობთ ძალადობას, ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა მიუღებელია

06 ივლ 202100:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/06/dx4y1p2sldsff0c.jpg

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსთაველის გამზირზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს გმობს. 

უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა და ნებისმიერი სახის ძალადობრივი გამოვლინება, მიუღებელია.

"ვგმობთ მომხდარ ძალადობის ფაქტებს (მათ შორის ჟურნალისტებზე, რომელთა შორის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტიც დაშავდა). უნივერსიტეტისთვის, რომელიც თავისუფლებას, განათლებას, განვითარებასა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას ემსახურება, მიუღებელია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა და ნებისმიერი სახის ძალადობრივი გამოვლინება, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. მოვუწოდებთ ყველას პატივი სცენ კონსტიტუციას, კანონს და დაიცვან ადამიანის უფლებები", - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა