logo
ENG



თუ შევთანხმდებით, შევალთ - ელისაშვილი პარლამენტში ოცნებას ხვდება

29 იან 202113:19
3 წუთის საკითხავი
 

პარტია მოქალაქეების ლიდერები ალეკო ელისაშვილი და  ლევან იოსელიანი პარლამენტში მმართველ გუნდთან შესახვედრად მივიდნენ. ელისაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებამ ქართულ ოცნებასთან ნდობის გაღრმავებას შეუწყო ხელი. ელისაშვილისვე თქმით, თუ "შეთანხმება შედგება", ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ. 

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20 0000 - 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ, 28 იანვარს გათავისუფლდნენ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს ოპოზიციის მიერ მოლაპარაკებების დროს ხელისუფლებისადმი წაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. გათავისუფლების შემდეგ, ივერი მელაშვილმა მის მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და თხოვა და მათ მიერ მიღწეული შეთანხმების შესრულება: "ვთხოვდი, გინდა ელისაშვილს, ვინც გინდა იყოს, დიდი მადლობა ბატონებო მხარდაჭერისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება. რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს მოლაპარაკება".

ელისაშვლის თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება არის მოლაპარაკების და არა პირადად მისი დამსახურება.

"გუშინდელმა ფაქტმა გააღრმავა ნდობა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის. იმიტომ, რომ გვინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო და ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, სხვა საკითხებზეც წინ წავიწიოთ. პოლიტპატიმრები არის ერთჯერადი საკითხი, ისევე როგორც რიგგარეშეს საკითხი. დანარჩენი, რაც ეხება საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო დაკომპლექტების წესებს, ეს არის 30 წელი ვერ მოვაგვარეთ, ეს არის შანსი, რომ ამ კაბინეტში ამ საშვილიშვილო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი. თუ შევთანხმდებით შევალთ პარლამენტი", - განაცხადა ელისშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ​კარტოგრაფების საქმე არ განიხილება. მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების პატიმრობაში ყოფნისა და გათავისუფლების საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია, პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, "თუ ხელში ეჭირება გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, პარლამენტში შევა". მისივე თქმით, "რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი აქტია, საარჩევნო წესების ცვლილება კი სამარადჟამო".

 

 

 


close დახურვა