ფონდი „ქართუ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს - ფონდში აცხადებენ, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა სასამართლოს უნდა მიმართონ.
„ქართუ“ განცხადებაში წერს, რომ ფონდს არ აქვს კითხვებზე გაცემის ვალდებულება, ხოლო ეს აჟიოტაჟი ივანიშვილის ოჯახის დისკრედიტაციას ემსახურება.
„ფონდი „ქართუ“ ეხმაურება რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან ხელოვნურად წარმოქმნილ აჟიოტაჟს თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით, რომლის მიზანი, ჩვენი აზრით, ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა. უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გაიყიდა - მისი მყიდველიც და გამყიდველიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიები არიან.